“გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინაზე ერთმანეთზე მიბმული არ არის, [NATOში] ცალ-ცალკე მიიღება“ - სტოლტენბერგი

“ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს ყველა ასპექტში უსწრებს, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.” - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებას სამხრეთ კავკასიური ტურნეს დროს თბილისში ვიზიტისას.


მას ჟურნალისტმა საქართველოსთვის ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზეც ჰკითხა.

„მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NAT-სთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი, რათა უკრაინა უფრო ახლოს მივიდეს წევრობასთან. ეს ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციულ დონეზე სრულად ინტეგრირებული გახდნენ NATO-ს სტანდარტებთან და მეორე მხრივ, პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეწყობას უკრაინასა და NATO-ს შორის. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით და ასევე ახალ გადაწყვეტილებებს ველით.

რაც შეეხება საქართველოს: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში, გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა NATO-ს წევრი თუ შედარებით შორეულში.“


_წლების განმავლობაში, საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად განიხილებოდა, როდესაც გაწევრების მისწრაფებებზე მიდგებოდა საქმე. დღესაც ასეა? საქართველოსაც იმავე კალათაში მოიაზრებენ, ისევ არსებობს ბმა ამ ორ ქვეყანას შორის? სტოლტენბერგმა ამ შეკითხვასაც უპასუხა.

„არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ალიანსისგან, რომ NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ.

ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ.“


დამატებით შეკითხვას, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოიძებნება, ვინც არ დაგეთანხმებოდათ და იტყოდა: ომი ომია, სისხლი ორივეგან დაიღვარა. რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე? სტოლტენბერგი ასე პასუხობს: „განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყნანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებსდა ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.“


ამავე ინტერვიუში ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრებას, ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. „თუ დემოკრატიული საზოგადოება ხართ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ NATO-ს წევრობა არ გსურთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. და რაღა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენ სურვილსაც, გახდეთ ალიანსის წევრი. ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება.“